თეთრი სანდალოზი - თხევადი ოქრო

24 November, 2020

თეთრი სანდალოზი - თხევადი ოქრო

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე გაჯერებული და მიმზიდველი არომატი ფართოდ აღიარებულ სანდალოზის ხეს ეკუთვნის. ამ ფასდაუდებელ არომატს აღმოსავლურ კულტურაში უძველესი დროიდან სცემდნენ თაყვანს. დასავლური კულტურის პარფიუმერიის სფეროში ის უფრო გვიან შემოვიდა. ეს გამორჩეულად თბილი და ტკბილი, ხის სურნელის მქონე არომატი, დახშული, დამამშვიდებელი შტრიხებით, უნივერსალურ მოწონებას იმსახურებს და ხასიათსა და კონცენტრაციას აუმჯობესებს. Santalum Album ანუ ინდური თეთრი სანდალოზი, ბუნებრივად სამხრეთ ინდოეთში იზრდება. აქ მას 5 000 წელია იცნობენ და წმინდა ხედ თვლიან. თეთრი სანდალოზის სურნელს მსოფლიოს ბევრ რელიგიაში, მათ შორის ინდუიზმში, ბუდიზმსა და ისლამში, სცემენ პატივს. მას ბუდიზმში ლოცვებისა და მედიტაციის დროს კონცენტრაციისთვის, ასევე რიტუალებისა და რელიგიური წესების შესრულებისას იყენებენ.

ეს გაჯერებული სურნელი ხის მერქნის შუაგულიდან მოდის. ხეს 10-15 წელი სჭირდება გასაზრდელად იმისთვის, რომ მისგან სურნელი მივიღოთ. თუმცა უმაღლესი ხარისხის და გაჯერებული ზეთის მისაღებად ხე 60-80 წელი უნდა იზრდებოდეს. გაზრდილ სანდალოზის ხეებს ფესვიანად ძირკვავენ წვიმიანი სეზონის დროს და მისი მერქნის გულისგან მიღებული ფხვნილისგან სანდალოზის ეთერზეთს ამზადებენ ორთქლით დისტილაციის მეთოდით. ეთერზეთის მიღების შემდეგ 6 თვეა საჭირო მის „მოსამწიფებლად“. ის ღია ყვითელი ფერის სითხიდან გარდაიქმნება მოყავისფრო-მოყვითალო მდიდრული ფერისა და არომატის სითხედ, რომელსაც თბილი, ხისმაგვარი, თხილეულის და რძის სურნელი დაჰკრავს და ერთ-ერთი ძვირადღირებული ეთერზეთია.

თეთრი სანდალოზიის ხე მეორე ყველაზე ძვირადღირებული ხეა მსოფლიოში. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მისი ზრდის ნელი ტემპი, მისგან მიღებული მაღალი ხარისხის შემადგენლობის ეთერზეთი და მისი ინტენსიური ჩეხვა. ამ მიზეზით ინდოეთის მთავრობამ Santalum Album-ი სახელმწიფოს მიერ დაცულ მცენარედ გამოაცხადა და მისი ექსპორტი აკრძალა. საუბედუროდ, სანდალოზის ხის უკანონო ჩეხვის და მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაბანდის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. ამგვარი ფაქტების გამო, სანდალოზის ხე დღეს ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნშია შესული, როგორც გადაშენების საფრთხის პირას მყოფი სახეობა.

სანდალოზის ხის კიდევ მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორის, პოპულარობით მეორე ავსტრალიური სანდალოზია, იგივე santalum spicatum. ამ სახეობის კერძო პლანტაციები გაშენებულია წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ჰავაიზე, თუმცა ყველაზე ფართოდ ის დასავლეთ ავსტრალიაშია გავრცელებული. აქ სანდალოზის მსოფლიოში ყველაზე დიდი პლანტაციებია, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით კომერციულ მასალას აწარმოებენ. ამ ხისგან უფრო დაბალი კონცენტრაციის ეთერზეთი მიიღება, მაგრამ მისი მოჭრა უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება, დაახლოებით 12-დან 20 წლამდე. აქ გაშენებული სანდალოზის ხისგან მიღებული მასალა აკმაყოფილებს მის მოხმარებაზე გაზრდილ გლობალურ მოთხოვნას, განსაკუთრებით პარფიუმერიისა და კოსმეტიკის წარმოებაში. არომატების უძველესი მოტრფიალეები სანდალოზის ხის ზეთს „თხევად ოქროს“ ეხახდნენ მისი მდიდარი, ძვირფასი და მომაჯადოებელი თვისებების გამო, რომლებიც დღესაც გვატყვევებენ და გვხიბლავენ.